08.06.2020
ბატონ ამირან კახიძის ღვაწლი მეტად მნიშვნელოვანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიის გამოწვილვით შესწავლის საქმეში. უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული ქობულეთ-ფიჭვნარის ანტიკური პერიოდის ნაქალაქარის შესწავლა და პოპულარიზაცია.
პროფესორ ამირან კახიძის ათწლეულების მანძილზე წარმოებულ კვლევებთან და გენიალურ მიგნებასთან არის დაკავშირებული, არამხოლოდ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის სალაროს გამდიდრების, არამედ საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლების აღმოჩენები.
უძველესი მეტალურგის კერების გამოვლენა ახალი სიტყვაა მსოფლიო არქეოლოგიაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ასეთი ხასიათის ძეგლები გამოვლინდა ჩაქვისწყლის აუზში, მდ. კინკიშას და მდ. დეხვას მცირე შენაკადებზე, მდინარე კინტრიშის ხეობაში სოფ. ჭახათში, მდ. აჭისწყლის ხეობაში, მდ. აჭყვას ხეობაში სოფ. აჭყვისთავში.
ახლახანს ქობულეთის მუზეუმის ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილებამ დიდი მეცნიერის 85 წლის იუბილეს მიუძღვნა დაზვერვითი ექსპედიცია სოფელ ზენითში.
2020 წლის 5-6-7 ივნისს, ელინისტური პერიოდის ცნობილი მეგალითური ძეგლის - ზენითის საწნახელის სამხრეთით უსახელო ღელის კალაპოტში, ამირან ათაბაძის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ უძველესი მეტალურგიული კერის კვალი დაფიქსირდა.
უსახელო ღელე წარმოადგენს მდ. აჭყვას მარჯვენა შენაკადს. იგი ადგილ კონცხადან შეკრებილი წყლებით იღებს სათავეს გიორგაძეების საკარმიდამო ტერიტორიის მიმდებარედ, როგორც დახურული არხი ჩამოუვლის ყოფილი პავილიონს და ამირან ათაბაძის საკარმიდამო ნაკვეთში სალ, ქარაფოვან, კლდოვან კალაპოტს ქმნის. უსახელო ღელის კალაპოტში ჩვენს მიერ გამოვლენილი არხები და ნახევრად ნამზადი გობები გვაძლევს წინასწარი ვარაუდის შესაძლებლობას აქ მორიგი ახალი ძეგლის არსებობა ვიგულისხმოთ.